ოლივერ ვარჰეი – კითხვარის მეშვეობით გვსურს გავიგოთ, რა ხდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, ეს პირველი ნაბიჯია ევროპულ გზაზე

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან ერთად, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან მიმართებაში მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა.

ევროკომისარმა ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა პირველი ნაწილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ბატონო მინისტრო, თქვენი თხოვნის თანახმად და ევროკავშირის წევრობაზე თქვენს მიერ შემოტანილი განაცხადის შესაბამისად, ევროკავშირის საბჭოს დავალებით, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა თქვენი განაცხადის შეფასების მიზნით, რომლის პირველი ნაწილიც ითვალისწინებს თქვენთვის კითხვარის გადმოცემას. ამ კითხვარის მეშვეობით, ჩვენ გვსურს გავიგოთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. კიდევ ერთი ასპექტი შეეხება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს თქვენი პირველი ნაბიჯია ევროპულ გზაზე. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა ევროკავშირის საბჭომ მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა“, – განაცხადა ვარჰეიმ.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password