წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში 12 აპრილს გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.

„შეხვედრაზე განხილული იქნება წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები. ქალაქების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, გამოწვევების გადალახვის მეთოდებსა და სხვადასხვა საკითხებს.

სამომავლოდ, ქსელი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში დაეხმარება, არამედ თავად პროექტის განხორციელებასაც გაუწევს კონსულტაციას. აღნიშნული ინიციატივა მომართული იქნება, წიგნის დედაქალაქებს შორის, გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. შედეგად ჩამოყალიბდება მდგრადი დაფინანსების მოპოვების ძლიერი მექანიზმი და სტრუქტურულად ორიენტირებული ქსელი, რაც სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს, ბევრად გაუადვილებს პროექტის განხორციელებას, რაც მეტი შედეგის მომტანიც იქნება. ასევე, ქსელი, ამ ქალაქებს, პროცესში გრძელვადიანი ჩართულობის საშუალებას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს – წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს, უფრო გაამყარებს.

იუნესკო-ს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსი ტიპის ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა.

იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ამ სტატუსს მექსიკის დედაქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი, აკრა იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.