ყოველგვარ ზღვარს გადასულია განცხადებები, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ახასიათებს – უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური დემარში, შეურაცხყოფა – გია ვოლსკი

შავ ხვრელებში ძრომიალის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს წარმოადგენს. საქართველო უკრაინას გვერდში უდგას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის და უკან დახევის გარეშე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინელ ხალხს გვერდით უდგას.

„უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების გარდაცვალებაზე ყოველდღე ინფორმაცია გვესმის, სისხლის გუბეები დგას რუსული ინტერვენციის გამო. როცა ამ ვითარებაში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან რომელიმე ჩვენგანის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მიმართ სერიოზულ ბრალდებას და შეურაცხყოფას ეხება. შავ ხვრელებში ძრომიალის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს წარმოადგენს. საქართველო უკრაინას გვერდში უდგას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის და უკან დახევის გარეშე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ალბათ, უკრაინის შემდეგ თავად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სამიზნეს აგრესიისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტი თვითმიზანი არ არის.

„ყოველგვარ ზღვარს გადასულია განცხადებები, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ახასიათებს, რასაკვირველია, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც ჩვენს დამოკიდებულებას არ ცვლის უკრაინის, უკრაინელი ხალხის და რუსეთის აგრესიის მიმართ. არსებობს მოძმე უკრაინა და ხალხი, რომელსაც გვერდში ვუდგავართ, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით. არსებობს მეორე სერიოზული საკითხი – უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური დემარში, შეურაცხყოფა და არა მხოლოდ ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც პირდაპირი გაგებით, თავის მოძმე უკრაინელ ხალხს ლუკმას უყოფს“, – განაცხადა ვოლსკიმ.