საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა – მაკა ბოჭორიშვილი

„გუშინ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირის მხარემ ოფიციალურად გადმოგვცა კითხვარი, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ევროკომისიის შეფასება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს არის იმ საკმაოდ რთული პროცესის დასაწყისი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მიიყვანოს საბოლოო სტრატეგიულ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ქვია.

„მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და ამ დარბაზიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს იმ შესაძლებლობისთვის, რაც ამ ნაბიჯით მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას.

ეს არის დასტური იმ თანამშრომლობის სიმტკიცისა, რომელიც საქართველომ ათწლეულების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ აშენა ევროკავშირთან და ლოგიკური გაგრძელება იმ ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობისა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს ხელმოწერილმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ პირადად უხელმძღვანელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს უკვე იმართება საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც კითხვარის შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს წარმართვის გზებს და მასში მონაწილე ინსტიტუტებს.

ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და გატარებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა და სოლიდური საფუძველის მომზადება ევროკომისიის დადებითი შეფასებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.