მიხეილ დაუშვილი „ოცნებას”: ერთი-ერთში გადაღებული გაქვთ ის მეთოდები, რაც 2012 წლამდე არ მოგწონდათ „ნაციონალური მოძრაობისაგან” – ოპონენტებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას თავი დაანებეთ, იზრუნეთ საზოგადოების კონსოლიდაციაზე

პოლიტიკური ოპონენტებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას თავი დაანებეთ, იზრუნეთ საზოგადოების კონსოლიდაციაზე და რეალური რეფორმების განხორციელებაზე, – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა “ქართულ ოცნებას” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მიხეილ დაუშვილის თქმით, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ოცნებამ  ერთპიროვნული ძალაუფლება დაკარგა, ცდილობს ძალადობრივი მეთოდებით შეცვალოს  მოქალაქეების გადაწყვეტილება, უკანონო მეთოდებით იტაცებს  მანდატებს, მოსყიდვით, შანტაჟით,  დაშინებითა და დაჭერით.

” ჩვენ გუშინ მივიღეთ „კითხვარი“, რომელიც  ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ „ოცნება” ორიენტირდეს ევროინტეგრაციაზე, საზოგადოებისა და პოლიტიკური სივრცეების კონსოლიდაციაზე, გვესაუბროს – მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ჩვენი პარტიის „საქართველოსთვის“ მიმართ.

თქვენ იცით, რომ ბათუმში უნდა გამართულიყო ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხომა, რომელიც „ოცნების“ მიერ იყო მოწვეული, თუმცა თავად „ოცნებამ“ არ მიიღო საკრებულოს სხომაში მონაწილეობა. თქვენ კარგად გახსოვთ, თუ როგორ განვითარდა ეს პროცესები და საერთოდ, როგორი იყო თვითმმართველობის არჩევნები. ის არ იყო არც დამოკრატიული, არც – თავისუფალი. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნების შესაბამისად, „ოცნებამ“ არაერთ მუნიციპალიტეტში ერთპიროვნული ძალაუფლება დაკარგა. თუმცა დღეს „ოცნება“ მათ ართმევს საკუთარ არჩევანს, ცდილობს ძალადობრივი მეთოდებით შეცვალოს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, უკანონო მეთოდებით იტაცებს ჩვენს მანდატებს, მოსყიდვით, შანტაჟით,  დაშინებითა და დაჭერით. რისი ნათელი მაგალითიცაა გელა აბულაძის შემთხვევა, რომელზეც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის არის „ოცნების“ პატიმარი. ამასთან, მისი ოჯახის წევრი, ხანდაზმული დედა, შეიძლება ითქვას რომ მძევლად გყავთ აყვანილი, რათა ზეწოლა მოახდინოთ დაკავებულზე.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს „პროცედურული ომით“ როგორ ცდილობდით შეგეცვალათ სენაკის მოსახლეობის გადაწყვეტილება ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპლექტაციასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ ვერ ეგუებით ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვას და ცდილობთ ძალადობრივი, უკანონო მეთოდებით შეცვალოთ მოქალაქეთა გადაწყვეტილება. ამ ამბავში ყველაზე ცუდ რამ არის ის, რომ თქვენი უკანონო მიზნების მისაღწევად ინსტრუმენტად იყენებთ ადგილობრივ სასამართლოს, რომლის მეშვეობითაც აჭიანურებთ საქმის განხილვასა და  მიზნად ისახავთ ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მუნიციპალიტეტში.

დღესავით ნათელია, რომ თქვენი პოლიტიკური მიზანი არის რიგგარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიღწევა ასეთ მუნიციპალიტეტებში და შესაბამისად ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ  ქართული ოცნება იყენებს იმ მეთოდებს, რომელსაც 2012 წლამდე თავად ებრძოდნენ.

“კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ერთი-ერთში გადაღებული გაქვთ ის მეთოდები, რაც 2012 წლამდე არ მოგწონდათ „ნაციონალური მოძრაობისაგან” და რომელსაც თქვენ ებრძოდით. სწორედ ასეთი მეთოდებით იბრძვით დღეს იმისთვის, რომ სადაც დაკარგეთ იქ აღიდგინოთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ხოლო სადაც გაქვთ – შეინარჩუნოთ.

ერთ რამეში აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ ყველანი, რომ ცვლილებები დაწყებულია და მას ვერ გააჩერებთ, რადგან ასეთია მოქალაქეების ნება. ვერც „ოცნება“ და ვერც ვინმე სხვა ვერ შეძლებს წინ აღუდგეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას.

თუ მართლა გინდათ ევროინტეგრაცია, თუ მართლა გინდათ ქვეყნის სწორი განვითარება, მაშინ გადადგით სწორი პოლიტიკური ნაბიჯები. პოლიტიკური ოპონენტებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას თავი დაანებეთ, იზრუნეთ საზოგადოების კონსოლიდაციაზე და რეალური რეფორმების განხორციელებაზე” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.