ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, აგრეთვე არის უდიდესი პოტენციალი შემდგომი ინვესტიციისთვის, ისევე როგორც სავაჭრო ბრუნვისთვის.

ამის შესახებ იან ლიპავსკიმ ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ვიზიტისთვის პირველ ქვეყნად ჩეხეთი აირჩიეთ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ 30-წლიან თანამშრომლობას და მსგავს ისტორიას, რომელიც ეფუძნება ჩვენს თანამშრომლობას და გამოცდილებას. არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ასევე, არის უდიდესი პოტენციალი შემდგომი ინვესტიციისთვის, ისევე როგორც სავაჭრო ბრუნვისთვის.

გასულ 2021 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველოში 82 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. მე დღეს მინისტრს ვუთხარი, რომ მზად ვარ, შევთავაზო თანამშრომლობა, არამხოლოდ თანამშრომლობა, არამედ ე.წ. ნოუ ჰაუ გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ეკოლოგია. მე დავარწმუნე მინისტრი, რომ საქართველო კვლავ იქნება ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორის განვითარებაში დახმარების მიმართულებით“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

იან ლიპავსკის განმარტებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებასაც.

„ჩვენ არ შეგვეძლო, არ შევხებოდით უკრაინაში არსებულ ვითარებას და პუტინის საშინელ სამხედრო აგრესიას. კიდევ ერთხელ დავგმე შეჭრა, ასევე გამოვხატე ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ევროინტეგრაციის ამბიციის მიმართ“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში.

„რა თქმა უნდა, ეს ასევე ქმნის ზოგიერთ ვალდებულებას და მე დავარწმუნე მინისტრი, რომ ჩვენ სრულად პატივს ვცემთ ჩვენ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ სრულად ვცემთ მათ პატივს. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთში გამართული ე.წ. არჩევნები და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს, ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

ამავდროულად, იან ლიპავსკის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ასოცირებული ტრიოს დასახმარებლად, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდნენ ევროკავშირს.

„ევროკავშირი არის ერთობა, არის დისკუსიები ტრადიციულ ქვეყნებს და ახალ წევრებს შორის. ეს უკავშირდება პოლიტიკურ დებატებს და ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირში როდესაც ამაზე ერთობა იქნება. მანამდე ამაზე მუშაობაა საჭირო და ცხადია, ჩვენ საქართველოს დავეხმარებით“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.