„მიშა იმის გამო ზის, რომ 2008 წელს არ მიართვა პუტინს ეს ქვეყანა – ეს ადამიანი მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის” – გიოული ალასანია

ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ვიყავი პოლონეთში ჩასული, მივმართე უკრაინას, უკრაინამ აქ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო.

„ეს ადამიანი მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რისი მოწმეებიც ჩვენ გავხდით უკრაინაში. ძალიან მომეწონა დღეს, ბევრ ქალაქში იყო გამოსვლა, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ჩემს შვილს, მის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ექიმმა რამდენიმე კომისია შეიქმნა, ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს. ყველა ექიმს აღმოჩნდა პროფესიული კეთილსინდისიერება. განსხვავება ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ აქაც შეიძლება ამის განკურნება, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ წერენ, რომ აქ ამის შესაძლებლობა არ არის და როგორმე უნდა გავიყვანოთ ქვეყნიდან, შესაბამის კლინიკაში მოვათავსოთ. უამრავი მიმართვაა პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა არავითარი რეაქცია იქიდან არ არის“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ ზის, რომ 2008 წელს პუტინს არ მიართვა ეს ქვეყანა.

„იმის გამო ზის მიშა, რომ 2008 წელს არ მიართვა პუტინს ეს ქვეყანა, ეს არის მეტი არაფერი. დღეს ვინც იღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას, მე მიმაჩნია, რომ ესენი არიან მოკავშირეები რუსებზე მეტი რუსები არიან და თანაგრძნობით ადევნებენ თვალს ყველაფერ იმას, რაც ხდება უკრაინაში“, – განაცხადა ალასანიამ.