„სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა ახლა შეუძლებელია, ჩვენ დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა არ შეუძლიათ.

მისივე თქმით, მარიუპოლის ბლოკადა არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას ჰგავს.

„დღეს ამ ოკუპირებული 120 კმ-ის ხაზის გამო ჩვენ არ შეგვიძლია მივაღწიოთ მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვას. ეს ასეა, ჩვენ დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია. მარიუპოლის რუსული ბლოკადა უფრო ჰგავს არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას რუსეთის მხრიდან, რადგან უკრაინელი დამცველების გარდა ქალაქში დარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები. ქალაქში ყველაფერი განადგურდა, ყველა შენობის 95-98%. საუბარია სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საცხოვრებელ ზონებზე, ქარხნებზე და ა.შ.“, – განაცხადა ზელენესკიმ.