აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს

ამერიკა საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ამერიკის ხმა” ავრცელებს. ეს თანხა ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილია.

713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.

,,საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა”, – ნათქვამია ,,ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში.