საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის მიერ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი.

კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

მოქმედი კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, რაც სახალხო დამცველის აზრით არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის.

კომენტარის დატოვება