ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია – ირაკლი კობახიძე

ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას აჩვენებს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. როცა ქვეყანას ასე მოიხსენიებ და ქვეყანას ამ ფეიკებით ასე ახასიათებ, ბუნებრივია, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება ჩანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟიგიმანტას პავილიონისის და ნიკა მელიას შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა.

„ომში ჩართვაც ამიტომ უნდათ ზუსტად. მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის – ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2008 წელს, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს. ესეც ზუსტად იგივეს გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს რასაც აკეთებენ, ზუსტად იმის გამოხატულებაა, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია. ეს არის მათი განწყობა და მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. ეს პასუხი უნდა იყოს მარტივი, ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი დასუსტდეს, ქვეყანაში არ დავუშვათ ომი და ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ჰქონდეს. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.