ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილს ახალი სიმპტომები აქვს, თერმორეგულაციის მორღვევა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ოფლდენა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს ახალი სიმპტომი – თერმორეგულაციის დარღვევა აქვს.

მისივე თქმით, სააკაშვილს არამხოლოდ საკვების მიღება არ შეუძლია, არამედ, მას უკვე სითხის მიღების პრობლემაც აქვს.

„ოჯახის წევრები კიდევ კარგი, რომ ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, მე მიწევს ამის გახმოვანება, რადგან ექიმებს შიგნით არ უშვებენ, ეს ახალი სიმპტომებია თერმორეგულაციის მორღვევა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა. შესაბამისად, ახალი პრობლემა დაემატა, თავისთავად ცხადია, სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი რას იტყვის, არ ვიცი, მოვისმენთ ალბათ, კომენტარს.

პლიუს ამას, პიკური მდგომარეობა აქვს წნევების, იცით რომ დავარდნილი იყო, ახლა ისევ პიკურ მდგომარეობაშია, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, უბრალოდ სიმპტომებს ვყვები. რაც ძალიან ნიშანდობლივია, მუდმივი სიცხე აქვს, 37-დან 37,5-მდე, რაც, ჩემი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ რაღაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, არ ვიცით რა, ამას ისე ვამბობ, როგორც სიმპტომს, ექიმებისთვის განსახილველად“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეს, სამუშაო საათებშიც კი, ციხის ექიმი, ნანა მიქავა იქ არ იმყოფებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი ექთნის იმედად იმყოფებოდა.

„მის ექიმთან, ნანა მიქავასთან გასაუბრება მოვითხოვე, ამის შესაძლებლობა არ მომეცა, მივმართავ ქალბატონ ნანას, სააკაშვილისთვის კაბინეტში რამის თქმა საკმარისი არ არის, გამოვიდეს და თქვას, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ვიცით, რომ ის მიიჩნევს, რომ აქ მისი მკურნალობა შეუძლებელია და როგორც მინიმუმ, რეფერალურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. რეფერალურ კლინიკას რაც შეეხება, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ექიმების დასკვნებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს რეფერალურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი, მოხდეს მისი მძიმე მდგომარეობის კონსერვაცია, იქ მას შეიძლება სიმპტომები მოეხსნას, მაგრამ იქ მას ვერ უმკურნალებენ. რეფერალურ კლინიკაში გადაყვანას საზღვარგარეთ გადაყვანის ალეტრნატივად არ მივიჩნევთ, რეფერალური კლინიკა მას მოუხსნის სიმპტომებს და მარტივად, რომ ვთქვათ, ის ხვალ არ მოკვდება. იმის შანსი, რომ ის საქართველოში გამოჯანმრთელდეს, არ არსებობს“, – განაცხადა გვარამიამ.