შალვა პაპუაშვილი – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი, მადლობა თავდადებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მისი თქმით, 9 მაისი ქართველი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას.

„მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! თქვენთან ერთად მინდა ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი იწვევს თქვენში… როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება – სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება. 9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის. მინდა, პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი. მადლობას გიხდით თავდადებისთვის! ეს დღე თქვენია, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება კი მთელი კაცობრიობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.