„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, აღადგინოს ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი, ასევე, ჩამოიყვანოს მედიკოსები მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან – ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ, იქ ამისთვის შესაბამისი გარემო არ იქნება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მძიმე შედეგები, რაც შესაძლებელია, დადგეს, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ეს ძალიან მძიმე ზიანი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. ხელისუფლებას თითქოს სურს, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ მათ ეს სურვილი რეალურად არ ამოძრავებთ. მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ, იქ არ იქნება შესაბამისი გარემო, რაც აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ აუცილებელია, რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი და თავისუფალ გარემოში, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.

მათ ვურჩევდი – აღადგინონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ექსპერტები, რომლებიც საზოგადოებას უფრო ფართო სურათს აჩვენებენ; მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან ჩამოიყვანონ მედიკოსები, რადგან საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და ქვეყნისთვის ეს არის სერიოზული გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ და საზოგადოებამ ამ კრიზისის დროს დაამტკიცოს, რომ ღირსეულია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის სურვილზე, იყოს კარგად, ან არ იყოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კომპლექსურია, რაც გლდანსა და გორში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოქმედებას შეეხება, ასევე 50-დღიან შიმშილობას და იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რითაც მას მკურნალობა უტარდებოდა. ამასთან, ყველაზე მნიშნველოვანია გარემო. ამ გარემოსა და სტრესში მისი სრული რეაბილიტაცია წარმოუდგენელია. ხელისუფლებას ვთავაზობ, საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის ექიმები ჩამოიყვანონ, რომლებიც სააკაშვილთან შევლენ და მკურნალობას დააკვირდებიან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.