უკრაინა რუსული ოკუპაციის გამო ევროპისკენ რუსული გაზის ექსპორტს ნაწილობრივ წყვეტს
უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორი (GSTOU) აცხადებს, რომ რუსეთიდან ევროპისკენ უკრაინის გავლით გაზის ექსპორტი გაზსადენის რამდენიმე მნიშვნელოვან სადგურზე რუსეთის თავდასხმისა და ოკუპაციის გამო ვეღარ მოხერხდება.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად, გაზის გადასატანი რამდენიმე შენობა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა, რის გამოც ოპერატორს აღარ აქვს კონტროლი ნოვოპსკოვისა და სხვა სადგურებზე.
„უკრაინის გაზის გადატანის სისტემის ოპერატორის ცნობით, ფორსმაჟორული სიტუაცია „სოხრანივკაში“ და „ნოვოპსკოვის“ კომპრესორ სადგურში, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს, გაზის ტრანსპორტირებას შეუძლებელს ხდის. „ნოვოპსკოვი“ უკრაინის პირველი კომპრესორი სადგურია ლუგანსკის რეგიონში, რომლის გავლითაც რუსეთიდან ევროპაში გაზის თითქმის 1/3 გადის”, – წერია განცხადებაში.
უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის ცნობით, ამ დროისთვის ევროპელი პარტნიორებისადმი ვალდებულებების განხორციელება „საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელშემშლელი ქმედებების გამო შეუძლებელია”.
შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა დღეს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, შეწყვიტოს ოპერაციები სოხრანივკას გაზის შემფასებელ პუნქტში და ნოვოპსკოვის სასაზღვრო კომპრესორ (გაზის თხევადად ქცევის) სადგურში, საიდანაც ყოველდღიურად რუსეთიდან ევროპის მიმართულებით მთლიანი მოცულობის დაახლოებით მესამედი – 3.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადის.