საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ ივანიშვილის ფული იყოს უსაფრთხოდ – ამას ადასტურებს ანთებული კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც ჩამწკრივდნენ და საუბრობენ, რომ ივანიშვილის კაპიტალი უნდა იყოს დაცული – ანა ნაცვლიშვილი

საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ ივანიშვილის ფული იყოს უსაფრთხოდ – ამას ადასტურებს ანთებული კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც ჩამწკრივდნენ და საუბრობენ, რომ ივანიშვილის კაპიტალი უნდა იყოს დაცული – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილმა კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ვინც არ არის დასავლური წესრიგის დამცველი და გულშემატკივარი, უნდა ჰქონდეს შიში, რომ დასავლეთი ამიერიდან მას სხვანაირად დაელაპარაკება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში ძალიან დრამატული და მძიმე ვითარება გვაქვს. საქართველომ დაკარგა კოვიდთან ბრძოლაში, ოფიციალური სტატისტიკით, 16 000 -ზე მეტი ადამიანი. მიმდინარეობს 21-ე საუკუნის ბარბაროსული და უმძიმესი ტრაგედია. ამდენი პრობლემის ფონზე ჩვენ არ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის არც ერთი კომენტარი. ახლა, როდესაც მის ფინანსებს ექმნება დისკომფორტი და საფრთხე, ის პროაქტიულად გამოდის სცენაზე. ყველაფერი ნათელია, ამ ადამიანის პრიორიტეტები არის ერთადერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრირებული, ეს არის მისი ფული და მისი ფულის უსაფრთხოება, საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ მისი ფული იყოს უსაფრთხოდ. ამას ადასტურებს ანთებული ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია, რომელიც ჩამწკრივდა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობდნენ დეპუტატები, საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილის კაპიტალი უნდა იყოს დაცული.

უკრაინა-რუსეთის ომი არის წყალგამყოფი. ან ხარ დასავლურ სამყაროსთან და მისი ცივილიზაციის დამცველი ან ხარ სისხლიანი რუსეთის მხარეს. შუალედი აქ არ არსებობს. ყველა, ვინც არ არის დასავლური წესრიგის დამცველი და გულშემატკივარი, ის ავტომატურად არის ბარბაროსული რუსეთის მხარეს და შესაბამისად, ყველა ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს შიში, რომ დასავლეთი ამიერიდან მას სხვანაირად დაელაპარაკება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.