ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ – ირაკლი კობახიძე

ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს. როცა მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით ციხეში ჩაჯდა, ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ. ეს სცენარი ვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და მისივე თქმით, „წლის განმავლობაში 150 პატიმარი ციხეში კვდებოდა, ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული. საშუალო მაჩვენებელია 10-დან 15-მდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში”.

ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო პირობებით. თქვენ რომ სასჯელაღსრულების სისტემას გადახედოთ, ასეულობით პატიმარს ნახავთ, რომელთაც უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ სახალხო დამცველი ერთადერთი პატიმრით არის დაინტერესებული. პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი რაღაცნაირად გათავისუფლებული იყოს. ამის უკან მთავარი ინტერესი დგას, რაც არის ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.