საბაჟო პუნქტ „თბილისის აეროპორტში” ძაღლი „დიის“ დახმარებით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად „დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.