ზურაბ აზარაშვილი: გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურების ბიუჯეტი, გასულ წელთან მიმართებით 26 მილიონი ლარით გაიზარდა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სამედიცინო პერსონალის დაცვა და მათთვის ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფა. 2022 წელს, გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურება. შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის ზრდამ, გასულ წელთან შედარებით, 26 მილიონი ლარით მეტი შეადგინა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს, ის სიახლეებიც გააცნო, რომლებიც „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ ხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო და რეფერალური დახმარების 336 ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა სამედიცინო სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკის განახლება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოს რეგიონებში უკვე აშენებულია 57 მაღალი სტანდარტის სასწრაფო დახმარების ცენტრის შენობა. ამასთან, მიმდინარეობს 5 შენობის აღჭურვის პროცესი.

„მიმდინარე წელს დავიწყებთ და დავასრულებთ თბილისის ფილიალების რეაბილიტაციასაც. ამასთან, 2022 წელს ვგეგმავთ სასწრაფო ცენტრის ახალ, ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანას, სადაც ერთიანი რეაგირებისა და მართვის ცენტრი განთავსდება.

გადაუდებელი საჭიროებისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პაციენტების დროული და სამართლიანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა. ამ პროცესის ორგანიზების მიზნით, შემუშავებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის მოდული, რომლის საშუალებითაც ელექტრონული პროგრამის მიხედვით, აპრილის თვიდან ხდება შესაბამისი სერვისის და თავისუფალი საწოლის მქონე კლინიკების შერჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.