„ერთი ადამიანი პარლამენტის ტრიბუნიდან „ტიპად“ იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა“ – გიული ალასანია

„ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან „ტიპად“ იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

გიული ალასანია შვილის გადაყვანას კლინიკა „ვივამედში“ მიესალმება და  იმედოვნებს, რომ  ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.

„გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან „ტიპად“ იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი „ვივამედში“. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ. დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება, არშეშვება. ალბათ, მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ. თუმცა, ოჯახის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, რჩება“, – აცხადებს გიული ალასანია.