მიშას ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, ერთმანეთზე უფრო მძიმე, ძალიან კარგ პირობებშია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი მისი მდგომარეობისთვის – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც გიული ალასანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუსტე და გადაადგილება უჭირს.

ალასანიას თქმით, სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა და ინტენსიური მკურნალობა.

„ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, აბსოლუტურად თეთრი იყო, სიარული ძალიან უჭირდა დღეს. მითხრა, გუშინ სამჯერ დავეციო. საშინელი სისუსტე აქვს. ძალიან ყურადღებიანი ხალხია, კარგი ვითარებაა ამ მხრივ.

ანალიზები გაკეთდა, პასუხები შეიძლება, ჯერ არც იყო და უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა, რადგან არც დაკვირვება და არც ეს ანალიზები, გამოკვლევა არ იქნება საკმარისი, რადგან მას სჭირდება ახლა ინტენსიური მკურნალობა, რომ გადარჩეს. გადარჩენაზეა უკვე საქმე. ექიმები ძალიან მომეწონა, ყველა ცდილობს, რომ შეუმსუბუქონ მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება. საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რადგან ადამიანი შეიძლება, ყოველ წუთში აღარ იყოს. თვითონ ექიმები ამბობდნენ, ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ, არ არის გამოცდილება.

ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, ერთმანეთზე უფრო მძიმე. ძალიან კარგ პირობებშია, რა თქმა უნდა, არის საბადრაგო სამსახური, მაგრამ არ შევადარებ გორის პირობებს, პერსონალიც ძალიან მომეწონა, დისტანციაც დიდია, სივრცეც არის, პირობები ნამდვილად კარგია. ძალიან კარგად უვლიან, კარგად მიხედავენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი მისი მდგომარეობისთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დღეს დილით გადაიყვანეს.