თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულებაშია ევროპის ქვეყნები და აშშ, განაცხადი ევრაზიის კავშირში შეიტანონ – პაატა მანჯგალაძე

თუ „ქართული ოცნების” წევრები თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობენ ევროპის ქვეყნები და აშშ, განაცხადი  ევრაზიის კავშირში შეიტანონ და მერე დაელოდონ, რა რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ  განაცხადა.

ის  გამოეხმაურა ივანიშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას და განაცხადა, რომ ამით ყველა დაინახავს, „ვინ ელოდება რუსეთს თეთრი დროშებით”.

„ივანიშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომ ივანიშვილს ქონება დაუკავეს და ამის გამო ომის დაწყებას ავალდებულებს ვინმე, დღემდე გრძელდება. თუ თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს გერმანია, შვეიცარია, ევროპის ქვეყნები და აშშ, მათ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კი არ უნდა შეეტანათ, განაცხადი უნდა შეიტანონ ევრაზიის კავშირში და მერე დაელოდონ, რა რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან. აცხადებენ, რომ ბიძინა საქართველოა და მის უსაფრთხოებას უნდა შეეწიროს თურმე საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, ასეთი რამ ევროპამ მე-17 საუკუნეში დაამთავრა, ლუი მე-14- მ თქვა, საფრანგეთი მე ვარო და გახსოვთ, ალბათ, როგორ დაასრულა. ასეთი განცხადებები საქართველოში არ გაიყიდება. ხავსს ეჭიდებიან, რომ თითქოს „ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტია მაშინ, როცა მშვიდობის გარანტი არის ქართველი ხალხის ნება, რომ თავისუფალი ქვეყანა უნდათ და პირველ რიგში მშვიდობის გარანტია აშშ. ამიტომ კარგია, რომ აპირებენ შეკრებას, შეიკრიბონ სადღაც დიდ ველზე და დავინახავთ, თეთრი დროშებით ვინ ელოდება რუსეთს, ამას საქართველო გასცემს საკადრის პასუხს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.