ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება საკმაოდ უსაფუძვლოა და უტიფრობაა – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ გალაშქრება უსაფუძვლოა და შეტევა მასზე ორკესტრირებულად გამოიყურება.

„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება საკმაოდ უსაფუძვლო, უსამართლო და ვიტყოდი უტიფრობაა, ეს საკმაოდ ორკესტრირებულადაც გამოიყურება. ამიტომ, რასაკვირველია სიფრთხილე მმართებს მას და არამხოლოდ მას, მთელ საზოგადოებას მმართებს სიფრთხილე შექმნილ სიტუაციაში.

არ ჩაგვითრიონ ომში, ცეცხლი არ გადმოვიტანოთ საქართველოს ტერიტორიაზე, არ დავინგრეთ ეკონომიკურად – თუკი ამას ბიძინა ივანიშვილი ხელს უშლის და ვიღაცის ინტერესებშია, რომ საქართველო ნგრევის პროცესში შევიდეს, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილიც უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს“, – აცხადებს გია ვოლსკი.