ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს – სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა სპეკულაციაა და ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად, დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა. ვიფიქროთ განვითარებაზე და შენებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.