საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება – „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.

როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსსთან” განაცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.

„ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია – დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.

მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება – ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა“,- განაცხადა სილაგავამ.