საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ – პრეზიდენტი

დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად ესახება.

„გუშინ ვამბობდით, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ კანდიდატურაზე და ისიც ცოტა ხელოვნური მიდგომა იყო. რეალურად არ იყო მომზადებული, როგორიც შეიძლება ყოფილიყო და ამის შემდეგ უნდა გვეცადა რამდენიმე წელი, პასუხი რომ მიგვეღო კანდიდატურაზე. დღეს კანდიდატურაზე პასუხი შეტანილია და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა. მართალია, წლების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება მეტად ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს მათი დამსახურებაა. დღეს ჩვენ ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებსა და კვირებში. რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, რა სახეს ვაჩვენებთ საქართველოს და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, რაც უკვე აღვნიშნეთ -კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება. ბევრი რამ ჩვენშიც უნდა შევცვალოთ და პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ, ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია, არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, მაგრამ რა მთავარი პრინციპებიცაა, იმის შესასრულებლად მზად უნდა ვიყოთ. არავინ არაფერს არ გვთხოვეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვინდა და რაც არ გვინდა, ის არ უნდა გავაკეთოთ.

საჭიროა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ისეთი სახე ვაჩვენოთ, რომელიც არ არის მხოლოდ დაპირისპირებული და ერთი მეორეს დამცირებაში, თორემ წარმოდგენა ჩვენს პარტნიორებს ექნებათ, რომ ესენი ვინ არიან, ჯერ თავიანთ თავში მოაგვარონ საკითხები და მერე ვიფიქროთ ჩვენ სხვადასხვა გაერთიანებებში მათ ადგილზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.