,,მან თქვა, რომ ფული ცარიელ საწოლებში გადაიყარა – ცალსახად არ ვეთანხმები, სხვა კონტექსტში უნდა თქმულიყო” – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე

რა იყო იცით მთავარი შეცდომა? ეს უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა თუ წყალში გადაყრა დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა არ გასვრილიყო სუყველა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 ათასი კაცი – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

„მან თქვა, რომ ერთი მილიარდი ლარი კლინიკებს გადაეცა და შემდეგ ახსენა ასეთი რამ, რომ ცარიელ საწოლებში გადაიყარა და სხვა. ცალსახად არ ვეთანხმები. სხვა კონტექსტში უნდა თქმულიყო, მილიარდი ღარიბი ქართველი ხალხისთვის გიგანტური თემაა და ადამიანს, რომელსაც 100 ლარი უჭირს წარმოიდგენს, რომ ეს მილიარდი ვიღაცამ მიითვისა, გაფლანგა და პროტესტი უჩნდება. სინამდვილეში, მილიარდი კი არსად გადაყრილა, არამედ დაიხარჯა 1 655 000 კოვიდავადმყოფის და 250 ათასი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ. განცხადებას, რომ „გადაიყარა“, შექმნა უარყოფითი ფონი. გადახედეთ სხვა ქვეყნებს, ბელგიას 37 მილიარდი დოლარი დაუჯდა კოვიდი. ბელგიას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენთანაც ხომ საჭირო იყო რაღაც ხარჯები, აბა ასეთ წარმატებულ მართვას როგორ მივაღწევდით? დღეს მაგალითად ბოლო თვენახევრის მონაცემებით ლამის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს.

როცა მილიარდიან საქმეს მართავ, რა თქმა უნდა, იქნებოდა არამიზნობრივი გამოყენებაც, არასწორი განკარგვაც, შესაძლოა გაფლანგვაც, მაგრამ რა იყო იცით მთავარი შეცდომა? ეს უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა თუ წყალში გადაყრა დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა არ გასვრილიყო სუყველა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 ათასი კაცი.

მე ვიცი რატომ გააკეთა, პრევენციულად გააკეთა, აცნობა ხალხს, რომ ასეთი მდგომარეობაა და მე ამას ვსწავლობ, მაგრამ ეს არ გაიგეს კარგად. პრევენციულად ასეთი სერიოზული დარღვევის გამოცხადება არ შეიძლება თუ ადრესატები არ ჰყავს, სხვანაირად უნდა თქმულიყო“ – ამბობს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კოვიდპანდემიის დროს დიდი ოდენობით თანხა გაიფლანგა.