,,ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ” – უკრაინის გენშტაბი

რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ჩაატარეს საჰაერო დაზვერვა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების ტერიტორიებზე.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.