ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი, მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა – ზურაბ ჯაფარიძე

ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი, მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა. – ასე ეხმაურება „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ხეილისუფლებას გაუვა იქამდე, სანამ აქეთ გამჩერებელი ძალა არ იქნება.

„ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ. ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის. რომ მეტი ჭამონ და მეტი აჭამონ საკუთარ შთამომავლობას. ამას იმიტომ აკეთებენ რომ გასდით. გაუვათ მანამ, სანამ აქეთ გამჩერებელი ძალა არ იქნება.

გამჩერებელი ძალა არის დიდი რაოდენობით გაბრაზებული ხალხი.

ჯამი ჭურჭელია

ძაღლს ჯაჭვით აბამენ,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.