,,არ გამიხარდა და არავის უხარია გვარამიას დაჭერა, თუმცა, 7 მილიონს რომ გაუფლანგავ კომპანიას თუ მოპარავ, ამაზე არის პასუხისგება” – ირაკლი ზარქუა

მე ვწუხვარ, არ გამიხარდა და არავის უხარია გვარამიას დაჭერა, თუმცა, 7 მილიონს რომ გაუფლანგავ კომპანიას თუ მოპარავ, ამაზე არის პასუხისგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის გამოეხმაურა ასევე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და მათ ურჩია, რომ შეფასებების გაკეთებას ნუ იჩქარებენ და სხვა ინსტანციების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაელოდონ.

„ვინც გულწრფელად არის შეშფოთებული და ინფორმაცია არ აქვს, მე ვურჩევდი, არ იჩქაროს, დაელოდოს ინსტანციებს, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამ თემის განხილვა იქნება საერთაშორისო სასამართლოში, მერე მოგვეცემა შესაძლებლობა შევაფასოთ, სწორი გადაწყვეტილება იქნა თურმე მიღებული საქართველოს სასამართლოს მიერ თუ არასწორი, პოლიტიკური ზეწოლა იყო თუ არ იყო. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ არაჯანსაღი პროცესის მსხვერპლი გახდა, აგერ არის საერთაშორისო სასამართლო, კეთილი ინებოს და იქ დაამტკიცოს,”- განაცხადა ზარქუამ.