ანა ნაცვლიშვილი – ოპოზიციაში რაც უფრო მალე დავინახავთ, რომ ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა მრავალგანზომილებიანი ყოველდღიური გარჯაა, მით უფრო მალე მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას

პარლამენტი არც ტრიბუნაა და არც პოდიუმი, პარლამენტი სამუშაო ადგილია, სადაც ყოველდღიური მუშაობაა გადამწყვეტი და მთელი პოლიტიკური სტრატეგიის დაყვანა იქამდე, სად შევდივართ და საიდან გამოვდივართ, არის შეცდომა და ამ დისკუსიაში მეორე წრეზე წასვლა აღარ მინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა პარლამენტის ბოიკოტის ინიციატივაზე.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა იმდენად მძიმე ჩიხში შეიყვანა, რომ ამ ჩიხიდან ერთსვლიანი გამოსავალი არ არსებობს, რის გამოც კომპლექსური ბრძოლის მომხრეა, სადაც ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული.

„საზოგადოებას სჭირდება, ოპოზიციის მოქმედებები დაინახოს და დაუსრულებელი საუბრები გეგმასა და ამ გეგმის განხილვაზე, არ მგონია, რაიმეს მომცემი იყოს. ადამიანებს ქმედებების დანახვა სჭირდებათ, რაც ყოველდღიურ ბრძოლაში უნდა გამოიხატოს, რასაც ვაკეთებ. არასწორია, როცა მრავალგანზომილებიანი პოლიტიკური ამოცანიდან პასუხის გამოდნობა დადის იმაზე, შეხვალ თუ არ შეხვალ პარლამენტში, გამოხვალ თუ არა. ეს არის პოლიტიკური დისკურსის გაპრიმიტიულება, რამაც ქვეყანაში არაფერი კარგი არ მოიტანა. ავტოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, საიდანაც გამოსვლა არ არის ერთი ნაბიჯის გადადგმა მარჯვნივ ან მარცხნივ, ამას სჭირდება სისტემური და გააზრებული წინააღმდეგობის გაწევა. სამწუხაროდ, ისეთი ერთი ოქროს ნაბიჯი არ არსებობს, რომელსაც გადადგამ და ქვეყანა სხვა რეალობაში გაიღვიძებს.

ოპოზიციაში რაც უფრო მალე დავინახავთ, რომ ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა მრავალგანზომილებიანი ყოველდღიური გარჯაა, მით უფრო მალე მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას. არ მგონია, ამ საკითხის კიდევ ერთხელ გახსნა და ტელევიზიებით საუბარი იყოს რაიმეს მომცემი. საზოგადოებას სჭირდება, დაინახოს, ოპოზიციის ხედვა ქვეყნის წინ წაწევის და კომპეტენცია, რასაც მუშაობა სჭირდება. ამას ტელეეკრანებთან საუბრით ვერ მივაღწევთ. შეფასებას არ ვეთანხმები, რომ პარლამენტი არის ტრიბუნა, პარლამენტი არც ტრიბუნაა და არც პოდიუმი, პარლამენტი სამუშაო ადგილია, სადაც ყოველდღიური მუშაობაა გადამწყვეტი. შეიძლება ოპოზიციას არ აქვს ბევრი ბერკეტი და ეს არის სახელმწიფოს მთავარი ინდიკატორი, რა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ერთი ჯადოსნური ნაბიჯი არ არის, რაც ამ მძიმე ვითარებას განმუხტავს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.