საახალწლო კორპორატიული მიღება პარლამენტში (ვიდეო)

პარლამენტის სასახლეში, სადღესასწაულო, ყოველწლიური კორპორატიული მიღება გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და დეპუტატებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! პირველად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველას ერთად მოგესალმოთ და ყველას ერთად მოგმართოდ – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ძალიან მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს მაქვს ამის შესაძლებლობა – ყველა ერთად, წინასწარ, აღვნიშნავთ მომავალი წლის დადგომას!

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ჩვენი ერთად ყოფნა. აქ ხართ შეკრებილი ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ემსახურებით საქართველოს პარლამენტს. ზოგიერთი თქვენგანი ათწლეულების მანძილზე ემსახურებით ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს და ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ როგორც პარლამენტის, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ.

ჩვენ, ყველა, ვემსახურებით ერთ საქმეს, საერთო საქმეს. ეს არის პარლამენტის საქმე, ეს არის საქვეყნო საქმე და ყველას მინდა გისურვოთ წარმატებები, გასაკუთრებით მომავალ წელს. მინდა წინასაწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ბედნიერება, ჯანმრთელობა თქვენს ოჯახებთან ერთად და წინსვლა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება