პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია – მედია

ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან შექმნა ოჯახი და ბოლო რამდენიმე წელია მასთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ვაჟნიე ნოვოსტი” აქვეყნებს, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტად” და “არასასურველ ორგანიზაციადაა” გამოცხადებული. “ვაჟნიე ნოვოსტიმ” გამოძიება გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები ადასტურებენ, რომ კატერინა ტიხონოვა იგორ ზელენსკისთან ერთად ცხოვრობს. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე კი ირკვევა, რომ ტიხონოვა მიუნხენში, სადაც იგორ ზელენსკი ცხოვრობს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 50-ჯერ ჩავიდა, 2019 წლის ბოლოს კი საცხოვრებლადაც გადავიდა.

ამასთან, “ვაჟნიე ნოვოსტის” ცნობით, პუტინის შვილსა და იგორ ზელენსკის საერთო შვილი ჰყავთ.