ნიკა მელია – როდესაც გაქვს მიტაცებული სახელმწიფო, აღარ არსებობს ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მშვიდობიანად და დემოკრატიული მეთოდებით შეცვლი ხელისუფლებას

როდესაც შენ გაქვს მიტაცებული სახელმწიფო, აღარ არსებობს მაგიდაზე ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შენ მშვიდობიანად და დემოკრატიული მეთოდებით შეცვლი ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, აშშ-ის მხრიდან იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, რათა ქართველი ხალხის ისტორიული ნება აღსრულდეს.

„პოლიტიკური პატიმრები არის შედეგი, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. პოლიტიკური პატიმრობა არასდროს დასრულდება, იქნება დაკავებები, დაჭერები, გათავისუფლებები, თუ არ შეიცვალა მიზეზი ამ მანკიერი პროცესისა. ყველასთვის ცნობილია, მათ შორის აშშ-სთვისაც, რომელმაც 32 წლის განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური ინვესტიცია განახორციელა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რათა ვყოფილიყავით დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი. ადვილი გამოსაცნობია, როდესაც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა დღეს სახელმწიფო და ერი, გულხელდაკრეფილი არ იქნებიან. როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, შეწუხებულები არიან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ, რომ მიტაცებული სახელმწიფო, როგორც ფენომენი, რომელიც საქართველოში არის დღემდე ფესვებში გამდგარი, იქნეს აღმოფხვრილი.

როდესაც შენ გაქვს მიტაცებული სახელმწიფო, მიტაცებული სახელმწიფოს ფარგლებში სივრცე დემოკრატიული პროცესისთვის აღარ არსებობს. როდესაც შენ გაქვს მიტაცებული სახელმწიფო, აღარ არსებობს მაგიდაზე ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შენ მშვიდობიანად და დემოკრატიული მეთოდებით შეცვლი ხელისუფლებას და ესეც ძალიან კარგად ესმით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.