ფონ კრამონი: ქართული ოცნების დეზინფორმაცია კრემლის დონეს უტოლდება – მე მასწავლეს ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“

მე ვცდილობ, არ მქონდეს რეაქცია ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა სხვა გზა არ დამიტოვეს., – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ „უცხოელების ვიწრო” ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის „გადაყირავების” ინტერესი აქვს.

ვონ კრამონის თქმით, წულუკიანი „რადიკალიზებული” გახდა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

„მე ქალბატონ წულუკიანს მაშინ შევხვდი, როცა ის ახალგაზრდა, მოტივირებული პოლიტიკოსი და მოსამართლე იყო. სამწუხაროა იმის ნახვა, რამდენად რადიკალიზებული გახდა ის წლების განმავლობაში და ახლა სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის უდიდესი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, დემოკრატიულად აერჩიათ საკუთარი ხელისუფლება. ჩემი დადანაშაულება ენმ-სთან საიდუმლო გარიგებაში არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

„ქართული ოცნების” დეზინფორმაცია კრემლის დონეს უტოლდება. „ქართული ოცნება” არაა საქართველო, „ქართული ოცნების” კრიტიკა არაა იგივე, რაც საქართველოს კრიტიკა. ამიტომაა, რომ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს ვუწოდებ და არა ქართული ოცნების მეგობარს. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან მალვა. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენსავე ჩავარდნებზე.

ეს არაა „პოლიტიკოსების პატარა ჯგუფი“, რომელიც დემოკრატიულ დაღმასვლას აკრიტიკებს, არამედ ძირითადი პოლიტიკოსები არიან, ვინც საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტში და მის მიღმაც განსაზღვრავენ. გადაამოწმეთ ხელისმომწერები უახლეს განცხადებებზე ან დაელოდეთ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომდევნნო რეზოლუციას.

ისინი, სხვათა შორის, იგივე პოლიტიკოსები არიან, ვინც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, ვინც იბრძოდა ვიზა ლიბერალიზაციისთვის, ვინც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. იმავდროულად კი ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით 1 წელში მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოიყვანა.

მე არ ვერევი საქართველოს ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ, ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და არ შეასრულეთ (19 აპრილი). თუ გსურთ, სერიოზულად აღგიქვათ, შეწყვიტეთ პირობების დარღვევა, შეწყვიტეთ საქართველოს მსხვრევადი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება. გამოასწორეთ სასამართლო, შეწყვიტეთ მიკროფონების მოპარვა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.

მე საქართველოს (და არა მისი მთავრობების) მეგობარი მრავალი წელია ვარ. წარსულში მე მასწავლეს ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“. ახლა „ქართული ოცნების” დროა, ისწავლოს როგორ მიიღოს კრიტიკა სიმართლე, ტანტრუმში ჩავარდნის ნაცვლად,” – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

თეა წულუკიანმა, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისას „უცხოელების ვიწრო ჯგუფზე” საუბრისას წულუკიანმა ახსენა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი – ისინი, ვინც ქართულ ოცნებას აქტიურად აკრიტიკებენ.

წულუკიანმა მათ „უცხოელი ნაცებიც” უწოდა. ამასთან, მან თქვა, რომ ახსოვს, “როგორ ძალიან არ უყვარდა” იან კელის საქართველო.