იენს სტოლტენბერგი – ალიანსის ყველა მოკავშირის ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს, ჩვენ განვიხილავთ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსის ყველა მოკავშირის შეშფოთება და ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობაზე საუბრისას,  სტოლტენბერგმა თქვა, რომ როდესაც თურქეთის მსგავსი მნიშვნელოვანი მოკავშირე გამოთქვამს შეშფოთებებს, აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა და საერთო პოზიციამდე მისვლის გზების მოძებნა.

„ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოკავშირის ინტერესები და შეშფოთებები. დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფ გადაწყვეტილებამდე მივალთ, რათა მივესალმოთ შვედეთსა და ფინეთს ნატო-ს ოჯახში. როდესაც ისინი გაწევრიანდებიან, ევროკავშირის მოსახლეობის 96% ნატო-ს ქვეყანებში იცხოვრებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს ფინეთთან, შვედეთთან, თურქეთთან და ყველა მოკავშირესთან. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მოკავშირეები განიხილავენ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს.

​„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს, რადგან როდესაც თურქეთისნაირი მნიშვნელოვანი მოკავშირე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებებს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა ამის მოსაგვარებლად არის დასხდომა და საერთო პოზიციამდე მისვლის გზების და წინსვლისთვის შეთანხმების პოვნა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.