ჯო ბაიდენი – მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნატო-ში ახალი წევრების მიღება არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს – დღეს ეჭვგარეშეა, ნატო არის რელევანტური, ეფექტური და საჭიროა, როგორც არასდროს

შვედეთსა და ფინეთს გააჩნიათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი და გამჭვირვალე ეკონომიკები, ასევე ძლიერი მორალური შეგრძნება იმისა, თუ რა არის სწორი. ისინი აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდელენა ანდერსონთან ​ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მე ამაყი ვარ, მივიღო ორი დიდი დემოკრატიის, დიდი შესაძლებლობების მქონე აშშ-ის ორი ახლო პარტნიორისგან მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების განაცხადები და აშშ-ის მხარდაჭერა შევთავაზო მათ. ორი ამაყი, დამოუკიდებელი ქვეყანა იყენებს სუვერენულ უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში ჩნდებოდა ეჭვები, იყო თუ არა ნატო კვლავ რელევანტური, ეფექტიანი და საჭირო 21-ე საუკუნეში.

„შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მრავალ საკითხში, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, კლიმატური და სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაში და განვითარების ხელშეწყობაში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები უკვე მსახურობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების გვერდით კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას რუსეთის ინტერვენციისგან. შვედეთსა და ფინეთს გააჩნიათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი და გამჭვირვალე ეკონომიკები, ასევე ძლიერი მორალური შეგრძნება იმისა, თუ რა არის სწორი. ისინი აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ჯო ბაიდნეის განცხადებით, ჩრდილოეთ ევროპაში ორი ახალი მოკავშირის დამატებით ალიანსის უსაფრთხოება გაძლიერდება.

„დღეს მე მსურს, სიამაყით დავარწმუნო ისინი, რომ მათ აქვთ სრული მხარდაჭერა აშშ-ისგან. დღეს ჩემი ადმინისტრაცია წარუდგენს აშშ-ის კონგრესს ანგარიშებს ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატმა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს, .განიხილოს და მიიღოს შეთანხმება.

ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნატო-ში ახალი წევრების მიღება არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს. არასდროს ყოფილა ასე. ნატო-ს მიზანია აგრესიის წინააღმდეგ დაცვა. აგრესიის წინაშე ნატო არ შესუსტდება და არ დაიყოფა, ის გაძლიერდება და უფრო ერთიანი იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.