,,პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან განახლდება, თუმცა პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორი ჰიბრიდულიც არის ომი, ასეთივე ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და შეხვედრები. დღეს რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა, ორ-სამ თვეში კი ეს საკითხი შეიძლება აღარ იყოს, ან იყოს ნაწილობრივ. ომის დასაწყისშივე რომ შევხვედროდით, მიზანი მაინც სხვა იქნებოდა. დღეს რომ ვხვდებოდეთ, ვიცით, რა ნაწილია ოკუპირებული და რა დეოკუპირებული და ამაზე ვისაუბრებდით. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომის შეჩერების მიზნით, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხის მოგვარება.

„დღეს, როდესაც არის ესა თუ ის სპეციფიკა და გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა რუსეთზეც ბევრია დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და გვინდა, დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ როდის იქნება ეს ყოველივე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიმართება საუბარი პუტინთან. არ ვიცი, რა ფორმატში გაიმართება: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე თუ ორმხრივი საუბარი, თუმცა გაიმართება“, – განაცხადა ზელენსკიმ.