აჭარის პოლიციის დანაყოფებს 32 ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი. ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ. ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.

უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე, მოადგილეები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს ახალი მანქანების გადაცემა მიულოცა, რის შემდეგაც ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში, რეალურ პრაქტიკულ პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაესაუბრა, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

მისი განცხადებით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტით არის ეკონომიური, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯი, ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.

პოლიციის ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონისთვის სპეციალურად ტურისტული ზონის საჭიროებებისა და პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ჰიბრიდული ავტომობილები აჭარის საკურორტო ქალაქებში: ბათუმსა და ქობულეთში საპოლიციო საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. აჭარის შავი ზღვისპირეთის ქალაქები – ბათუმი და ქობულეთი იქნება პირველი დასახლებები საქართველოში, სადაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზემომუშავე მანქანებს.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლების მიმდინარე პროექტში – ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ავტომობილით განახლდა. აჭარის შემდეგ, ახალი, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გადაცემა რუსთავის პოლიციის თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password