,,საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს – ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია” – რომან გოცირიძე

„წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე წერს და საქართველოს ეროვნულ ნაკრების ახალო ლოგოს აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნულ ნაკრების ახალო ლოგოს ეხმაურება.

„საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს.

წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით( ბურთით) კლავს ბოროტ მტერს(მოწინააღმდეგე გუნდს). ამ მაისურმორგებული ფეხბურთელი, სულაც რომ არ იყოს ნავარჯიშები, მოწინააღმდეგეს მაინც სძლევს.

ცხვრებს რომ კლავდნენ ეკლესიაში თამაშის წინ, ეს დრო გვახსოვს. მაშინ არ ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა. იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს.

ისე, ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ანაც სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით.

შტატიანი მღვდელიც რომ აიყვანოს ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება ურიგო. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარი ერიცხებათ ბიუჯეტიდან და ერთი მღვდლის შენახვა რა გახდა.

ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ. ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე.
ჰო, სტადიონის წინ, ისევე როგორც პარლამენტთან, ჯვრის დამონტაჟება არ დაავიწყდეთ.

საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ მოახლოებულ თამაშებში ლოგოთი თუ ლოგოს გარეშე. ატრიბუტიკაში ისინი არ ერევიან. ეს საფეხბურთო ჩინოვნიკების საქმეა“, – წერს გოცირიძე.