,,ნატო სრულიად განზეა და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს – ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატო, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე, არაფერს აკეთებს. მან აღნიშნული განცხადება დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

კულებამ, ევროკავშირი კიევის მხარდასაჭერად გამოვლენილი მისი რევოლუციური, ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის შეაქო, რომელსაც თავად ისინიც არ ელოდნენ რომ მიიღებდნენ, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსი “სრულიად განზეა”.

„ნატო, როგორც ალიანსი, როგორც ინსტიტუტი, სრულიად განზეა და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

კულებამ დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში საზოგადოებრივი განწყობა იყო, რომ ნატო ძლიერი ძალაა და ევროკავშირს მხოლოდ სხვადასხვა დონის შეშფოთების გამოხატვა შეეძლო, მაგრამ, მისი თქმით, ომი ყოველთვის არის გამოცდა, რომელიც ნიღბებს აშორებს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს ზოგიერთი მოკავშირე ეხმარება მის ქვეყანას.