„დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ შეიძლება ეს რეგიონი უკაცრიელი გახადოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები დონბასში ქალაქებს ხანძარში აქცევენ და შეუძლიათ, ეს რეგიონი უკაცრიელი გახადონ.

„დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ შეიძლება ეს რეგიონი უკაცრიელი გახადოს.

მათ სურთ პირდაპირ ფერფლად აქციონ პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, როგორც ეს გააკეთეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში.

რუსეთის საზღვრებთან ახლო ქალაქებში, დონეცკში, ლუგანსკში, აგროვებენ ყველას საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილების შესავსებად.

ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, არის რუსეთის მიერ განხორციელებული აშკარა გენოციდის პოლიტიკა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.