ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, საერთაშორისო კონსენსუსის საგანია – ვურჩევ უმრავლესობას, რომელსაც წერა-კითხვა დიდად არ უყვარს, დრო და დრო წაიკითხოს დოკუმენტები – სამადაშვილი

ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სამწუხაროდ, საერთაშორისო კონსენსუსის საგანია. მე ვურჩევ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებსაც წერა-კითხვა დიდად არ უყვართ, დრო და დრო წაიკითხონ დოკუმენტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი და სხვები დასავლეთს სურკოვის ენით ესაუბრებიან, როცა აცხადებენ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არავის აქვს უფლება მიუთითოს, თუ როგორ ატარებს არჩევნებს ან როგორი სასამართლო სისტემა აქვს.

„გაეცნონ მაგალითად, 21-27 წლისთვის ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, რომლის 1/3 სასამართლო რეფორმაზე საუბარს ეთმობა. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემა. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პასუხიც კობახიძის თავხედურ შანტაჟზე და თავდასხმაზე, რაც განახორციელა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე ივანიშვილის ქრთამებით შენახული სასამართლო „კლანის“ დასაცავად. ეს რომ არის უმწვავესი პრობლემა, რაც აფერხებს ქვეყნის მომავალს, ნათქვამია. ივანიშვილს სურს ქვეყანა გადაიქცეს ანალოგად იმ პოლიტიკური სისტემის, რაც რუსეთშია, ამას აღიარებენ მმართველ გუნდში, დააკვირდით, რა გზავნილებით ესაუბრებიან დასავლეთს კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, ისინი მუდმივად ეუბნებიან დასავლეთს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არავის აქვს უფლება მიუთითოს ან არჩევნებს როგორ ატარებს, ან სასამართლო სისტემა როგორი აქვს. ეს არის სურკოვის ენა, სურკოვის გზავნილები, რომლითაც არ საუბრობენ დემოკრატიული ქვეყნები,“ – განაცხადა სამადაშვილმა.