,,ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში – ჩასაფრებულის პოზიციიდან შოუს დადგმა სურთ” – ირაკლი ზარქუა

ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში – ჩასაფრებულის პოზიციიდან შოუს დადგმა სურთ მხოლოდ,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას 4 მინისტრის ერთდროულად დაბარების თაობაზე.

მისი თქმით, “დღეს ის მინისტრები არიან მოწვეულები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ევროპულ მომავალს”.

„როცა უახლოეს კვირებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე შეიძლება აღმოვჩდნეთ, რამდენად უსუსური უნდა იყო, რომ ამ მოცემულობაში ამბობდე, საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ მოვიწვიეთო? ასეთი ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში”, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, “ევროკავშირის კორიდორებში რომ დადიან და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, თუ ვინმეს რამის დაზუსტება უნდა, დღეს პარლამენტში აქვს ამის შესაძლებლობა”.

“ის რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც ოპოზიციამ დაიბარა პრემიერი, არის გაცილებით დემოკრატიული, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო გადის დემოკრატიის მნიშვნელოვან ეტაპს და ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც რეგლამენტი, ასევე ზოგადად მდგომარეობა ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარსდგებიან დღეს, ეს ისტორიას არ ახსოვს აქამდე, მითუმეტეს, იმ რეჟიმის დროს. დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან იყო კითხვები, რომ საქართველო შეიძლება ხელს უწყობდეს სანქციების გვერდის ავლას, ამას ცივი წყალი გადაასხა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელმაც თქვა, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა, მგონია, დღეს აუცილებელია მკაფიო პასუხები გაეცეს ამას როგორც პრემიერის, ისე იმ მინისტრების მხრიდან. იმედია, იგივე სურათი არ გვექნება, დებატები რომ მოითხოვეს და შემდეგ ცარიელი დარბაზი იყო, მმართველი პარტია და ხელისუფლება რომ შემოვრჩით მარტო ერთმანეთს,”- განაცხადა ზარქუამ.