,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები – საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში – კობახიძე

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები – საქართველოში, სამწუხაროდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყანაში ბევრ რამეს აფერხებს.

„საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი და ეს ყველამ იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. კრიმინალები პოლიტიკაში არის ის, რაც, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი დემოკრატიული სისტემისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. მათ შორის, ეს კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. კრიმინალები, რომ არიან ოპოზიციაში ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა, გადამწყვეტ ზიანს ისინი ჩვენს ქვეყანას ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, – განაცხადა კობახიძემ.