,,იმის ნაცვლად, რომ აშუქებდეთ ახალ ამბებს, თავად ქმნით” – პაპუაშვილი ჟურნალისტებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი კი არ აშუქებენ ახალ ამბებს, არამედ თავად ქმნიან.

ამ განცხადებით პაპუაშვილი ჟურნალისტების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებმაც პრემიერმინისტრის მოხსენების პარალელურად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ბანერი გადმოფინეს.

“ძვირფასო ჟურნალისტები, ის ლოჟა სადაც იმყოფებით, თქვენთვის განკუთვნილია, იმისთვის რომ აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა. თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილეში თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ მედიაში არის, სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი, სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული, ქმნით ახალ ამბავს და არა – აშუქებთ. თქვენ, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებისთვის, რომლისთვისაც ის გამოყოფილია”, – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ჟურნალისტებმა ლოჟიდან ბანერი – “თავისუფლება ნიკას” გადმოფინეს.