,,რატომ ვართ ასეთი სუსტები, დაუცველები? ათი წელია ხელისუფლებაში ხართ, მეორედ ხართ პრემიერმინისტრი” – ელისაშვილი ღარიბაშვილს

,,რატომ ვართ ასეთი სუსტები, დაუცველები? ათი წელია ხელისუფლებაში ხართ, მეორედ ხართ პრემიერმინისტრი” – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ღარიბაშვილს მიმართა.

,,ამას არ იზამთ, ვიცი, მაგრამ სულ მცირე არალეტალური რამ მივაწოდოთ [უკრაინას], რაც ჰაერივით სჭირდებათ და ჩვენ ვაწარმოებთ. სადღაც კი არ ვიშოვოთ, აგერ რომ ვაწარმოებთ და ძალიან ხარისხიანს – ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები დელტასი. დიდგორის “მედევაკები” მაინც, რომელიც არის სასწრაფო მანქანა, ოღონდ დაჯავშნული, რომელიც, ასევე, ჰაერივით სჭირდებათ უკრაინას. ამით ვინ უნდა გაღიზიანდეს, რომ სასწრაფო საევაკუაციო მანქანას ვაწვდით?

მთავარი საყვედური ისაა, რომ არ აღიზიანებთ, რადგან სუსტები ვართ. რატომ ვართ ასეთი სუსტები, დაუცველები? ათი წელია ხელისუფლებაში ხართ, მეორედ ხართ პრემიერმინისტრი.

თუ სახელმწიფო ვართ, ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა ვიყოთ მზად – სტიქიური უბედურებისთვის და ათასი კატაკლიზმისთვის. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატომ არის ასეთი მოშლილი?

მეტროს გარდა რომ თავშესაფარი არსად არ არის და მეტროც მხოლოდ თბილისშია. გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა? გვაქვს თავშესაფრები? გვაქვს მარაგები? ასეთი არხეინები რატომ ვართ? იყავით თავდაცვის მინისტრი და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რის იმედად ვართ? პუტინი რომ დილით გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ?” – აღნიშნავს ელისაშვილი.