„ინფლაციას გაუგებრობა და არასტაბილურობა იწვევს, არასტაბილური მდგომარეობა არასტაბილურ აზროვნებას – ყველას თავის გადარჩენის ფორმულა აქვს” – თემურ ჭყონია

„ლარის კურსის ასეთ მერყეობას ბიზნესი მიჩვეულია და ხშირ შემთხვევაში სწორად რეაგირებს, მოქნილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიზნესი ვითარდება და ყველა სიტუაციას ერგება. დღევანდელი სიტუაცია, ჩემი აზრით უკრაინაში მიმდინარე ომით არის გამოწვეული, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ლარის კურსზე და ეკონომიკურ გარემოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭყონია ამბობს, ბიზნესმენები საქართველოში არსებულ სიტუაციაში ძირითადად საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„ინფლაციას გაუგებრობა და არასტაბილურობა იწვევს, რადგან ადამიანები ეკონომიკურ ფორმულებზე მორგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ ამ გაუგებარ მდგომარეობას თავის ბიზნესს არგებენ, აქედან გამომდინარე ფასები ხშირ შემთხვევაში შეიძლება არაადექვატური იყოს.

არასტაბილური მდგომარეობა არასტაბილურ აზროვნებას იწვევს, შეიძლება ეს ზოგ შემთხვევაში არასწორი იყოს, მაგრამ ყველა ფიქრობს მოერგოს იმ გარემოს, რაც არის და გამარჯვებული გამოვიდეს.

აქედან გამომდინარე ყველას თავის გადარჩენის ფორმულა აქვს და არა ისე, რომ ქვეყანა საერთო ფორმულის ქვეშ ვითარდებოდეს ან აზროვნებდეს, ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მაგალითად, ჩვენ რაღაც პროდუქცია გავაძვირეთ, რაღაცას არ ვაძვირებთ, რადგან ადამიანების მსყიდველუნარიანობაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.