,,ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებამ დაგვანახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის ინტერესს ” – შალვა პაპუაშვილი

ვნახეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ტექსტი, ამ ტექსტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი.

„როდესაც დარჩენილია რამდენიმე დღე, რათა ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც აცდენილია ქვეყნის და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.