„იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ – ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – ძალადობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოკა მორგოშია

პრორუსული,  ძალადობრივი ორგანიზაციის, ალტ-ინფოს  დამფუძნებელი კოკა მორგოშია „თბილისის პრაიდის” მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით იმუქრება.

როგორც მორგოშია აცხადებს. ფესტივალის ორგანიზატორებმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ.

„დააანონსეს 28 ივნისი – 2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება. ერთის ქვია ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს.

მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ამას არ დავუშვებთ”- ამბობს მორგოშია.

„თბილისი პრაიდის” განცხადებით, წელს პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე იქნება, თუმცა ღირსების მარში არ გაიმართება.